რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ნატურალისტმა და წამყვანმა დევიდ ატენბორომ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეში კაცობრიობა ერთი გეოლოგიური ეპოქიდან მეორეში გადავიდა.

ატენბოროს თქმით, ადამიანის აქტივობებმა დედამიწა სწრაფად და რადიკალურად შეცვალა, რამაც შეიძლება ჩვენი პლანეტა იმ სახით, როგორიც ის ახლა არსებობს, გაანადგუროს.

"ის გარემო პირობები, რომელშიც ჩვენი სახეობა ათიათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდა იცვლება, თანაც სწრაფად. ამ ყველაფრის დაიგნორება ადვილია, თუმცა თუ გვინდა რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, სწრაფი მოქმედებაა საჭირო", - აცხადებს ის.

"მე პირდაპირი გაგებით სხვა ეპოქიდან ვარ. მე ჰოლოცენში დავიბადე, ეს 12 000-წლიანი სტაბილური კლიმატის მქონე პერიოდი იყო, რომლის დროსაც ადამიანმა შექმნა დასახლებები, მიწათმოქმედება და ცივილიზაცია. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა. ჰოლოცენის ეპოქა დასრულდა. გარემოს რადიკალური ცვლილების გამო მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში შევედით, ეს ანთროპოცენია - ადამიანების ეპოქა", - აცხადებს 92 წლის ატენბორო.

ანთროპოცენი თეორიაა, რომელიც აცხადებს, რომ დედამიწა ადამიანის აქტივობის შედეგად ახალ გეოლოგიურ ეპოქაში შევიდა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება არ არსებობს და მასზე მეცნიერები კვლავ მსჯელობენ.

2016 წელს მეცნიერთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ადამიანმა დედამიწის ზედაპირი უკვე იმდენად შეცვალა, რომ ჩვენს მიერ დატოვებული კვალის დაფიქსირებას მომავლის არქეოლოგები ნამდვილად შეძლებენ.

მათი თქმით, ანთროპოცენი დაახლოებით 1945-დან 1964 წლამდე უნდა დაწყებულიყო.

თუმცა მაინც, ატენბოროს განცხადება გადატანითი მნიშვნელობით არ ყოფილა გაკეთებული. ოქტომბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ახსნილი იყო, რომ კაცობრიობას კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად და კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ათი წელი აქვს.

ატენბორო დოკუმენტური ფილმებით არის ცნობილი, მისი გახმოვანებულ ფილმებში შედის Planet Earth, The Living Planet და Life on Earth.

"ჩვენ ყველანი ერთი ეკოსისტემის ნაწილი ვართ. ადამიანის სიცოცხლის შეუცვლელი კომპონენტი ჯანსაღი პლანეტაა. ჩვენ ბუნებრივ გარემოს ვანადგურებთ, რომლის განადგურებასთან ერთად ჩვენც გავქრებით", - აცხადებს ის.