Samsung-ის ოფიციალურ პრეზენტაციამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა კომპანიის ახალი სმარტფონების ფოტოებმა ინტერნეტი უკვე მოიცვა.

დღეს გერმანულმა ვებგვერდმა ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, Galaxy S10 და Galaxy S10+ ჩანს.

ფოტო: AllAboutSamsung

ახალი სმარტფონების პირველი ფოტო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავრცელდა, რომელშიც S10-ის სამი სხვადასხვა მოდელია.

ფოტოში ვხედავთ სამსუნგის ახალ ეკრანს, რომელსაც კომპანია Infinity-O-ს უწოდებს. ეკრანი სმარტფონის წინა მხარეს პრაქტიკულად სრულად ფარავს, კამერისათვის კი მასში პატარა ხვრელია ამოჭრილი. ფოტოში ვხედავთ ყურსასმენის ჯეკსაც, სამსუნგი პრაქტიკულად ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც საკუთარ სმარტფონებში ყურსასმენის ჯეკს ინარჩუნებს, რაც მრავალ ადამიანს ახარებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Galaxy S10 ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდის სენსორითაც იქნება აღჭურვილი.

ფოტო: AllAboutSamsung

ამჟამინდელი ცნობებით, 20 თებერვალს დაგეგმილ კონფერენციაზე სამსუნგი Galaxy S10-ის სამ ვარიანტს წარადგენს. ყველაზე პატარა მოდელი 5,8-ინჩიანი იქნება, ყველაზე დიდი კი 6,4-იანი.

წესით და რიგით, კონფერენციაზე სამსუნგმა დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონის დასრულებული, სრულად ფუნქციური პროტოტიპიც უნდა წარმოადგინოს, რომელიც კომპანიამ ნოემბერში დააანონსა.