საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ "ეს იყო კარგი შეხვედრა". მისი თქმით, პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აქვს სწორი პოზიცია.

მისი თქმით, სიაზე თუ მას ექნება განსხვავებული პოზიცია, ამის შესახებ დამოუკიდებლად დააფიქსირებს. უმრავლესობა ხვალინდელი, 25 იანვრის სხდომაზე კი საერთო პრინციპებზე იმსჯელებს

"ვერავინ შემაცვლევინებს აზრს, რომ ხმა მივცე იმ მოსამართლეს, რომელიც წინა რეჟიმთან ასოცირდება და არვინ მთხოვს ამას", — ამბობს ბესელია.

მისივე თქმით, დღეს ვინმეს პარტიიდან წასვლაზე არ უმსჯელიათ.

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.

წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.

ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, ბესელიამ ვიცე-სპიკერად დანიშვნის შეთავაზება არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.