უმრავლესობის სხდომა დასრულდა. ქართული ოცნების დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობა ხვალაც იმსჯელებს.

ქუცნაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე საკუთარი აზრის დაფიქსირება ყველა დეპუტატმა ვერ მოასწრო, მათ შორის თავადაც. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა იქამდე გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება.

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.

წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.

ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ბესელიას ამბობდა, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. მისი თქმით, ამ სიის დამტკიცება იქნებოდა ის მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნების გუნდს დატოვებდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. კობახიძის თქმით, ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. ამის შესახებ მან იმ ოთახის წინ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. კობახიძემ დეპუტატს გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.

ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.

ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, ბესელიამ ვიცე-სპიკერად დანიშვნის შეთავაზება არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.