საქართველოს პროკურატურამ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით დავით ნაცვლიშვილი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილ დემურ სტურუას დედა აცხადებს, რომ მას და მის შვილს, 3 სექტემბერს, გამთენიისას სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საქმეზე გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მათივე განმარტებით ნონა ჯოჯუას ნაცნობ მამაკაცთან პირად საქმეზე მოუვიდა შელაპარაკება.

22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს თავი მოიკლა. სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში აღწერა, თუ როგორ აიძულებდა პოლიციელი თანასოფლელებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვებას მარიხუანის შესახებ.

29 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი პოლიციელ თევზაძეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

EMC: დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტი, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება