ცოცხალი კლასიკოსი მარიო ვარგას ლიოსა თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით ეწვევა. ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ქართველი მკითხველი ლიოსას რამდენიმე ნაწარმოებს იცნობს. სხვადასხვა წლებში ქართულად გამოიცა დეიდა ხულია და სცენარისტი, ხუთი კუთხე, ვაცის ნადიმი, ცუდი გოგოს ოინები და ქალაქი და ძაღლები.

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 1936 წელს პერუში დაიბადა. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის ლათინოამერიკული ლიტერატურის ბუმის უმთავრესი ხმაა. 2010 წელს ლიოსამ ნობელის პრიზი მიიღო ლიტერატურაში.

სხვა ლათინოამერიკელი მწერლების მსგავსად, ლიოსაც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. სიცოცხლის მანძილზე ის მემარცხენეობიდან მემარჯვენე ლიბერალიზმისკენ გადაიხარა. მან 1990 წელს პერუს პრეზიდენტობაზეც იყარა კენჭი, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო.

თემები, რომლებსაც მარიო ვარგას ლიოსა თავის წიგნებში ეხება, მრავალფეროვანია. სიუჟეტები ხშირად არის განპირობებული პერუელების ყოველდღიური ცხოვრებით, თუმცა ამის მიღმა სამყაროს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანების ღრმა ცოდნა იმალება. მისი სტილი მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე მერყეობს.

მწერალი თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოვა. დამატებითი დეტალები ჯერ არაა ცნობილი.