პოლონეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ სვებოძინში ქრისტეს გიგანტური ქანდაკება დგას, რომელიც მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ უმაღლეს ქანდაკებად მოიაზრება. მას თავზე ასევე ინტერნეტის ანტენები აქვს, რაც მისი იდუმალების კიდევ ერთი ნაწილია.

როგორც ატლას ობსკურა წერს, ანტენები ქრისტეს სამმეტრიანი გვირგვინის შიგნითა მხარესაა მოქცეული. ინფორმაცია თავდაპირველად პოლონურმა მედიამ გაავრცელა და შემდეგ ის დრონების საშუალებით გადაამოწმა. ანტენები ინტერნეტის სიგნალს ავრცელებენ.

ფოტო: Mohylek / Wikipedia

ადგილობრივი სამრევლო, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც არის ქანდაკება, ამბობს, რომ ქანდაკების თავზე აღნიშნული ადგილი ინტერნეტპროვაიდერისთვის არ მიუქირავებია, თუმცა ანონიმური წყარო კანონიერ შეთანხმებას ადასტურებს.

ინტერნეტის სიგნალი ქანდაკების გარშემო ვრცელდება და კლიენტებს ამარაგებს.

სვებოძინის ქრისტეს ქანდაკება 33 მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ თუ ჩავთვლით გორაკს, რომელზეც ის დგას და ასევე ოქროს გვირგვინს, მაშინ მისი სიმაღლე 50 მეტრამდე იზრდება, რაც მას მსოფლიოს უმაღლეს ქრისტეს ქანდაკებად აქცევს. ბოლივიაში მდებარე ქრისტეს ქანდაკება 40 მეტრის სიმაღლისაა და რიო-დე-ჟანეიროში მდებარე — 38 მეტრის.

ქანდაკების მშენებლობა 2010 წელს დასრულდა და მისი ღირებულება $1,5 მილიონია. ბიუჯეტი სრულად მოიძია ქალაქის 21 000-მა მოსახლემ. მოქალაქეების ნაწილი ამბობდა, რომ თანხის გამოყენება ახალი სკოლებისა და საავადმყოფოების ასაშენებლად, ან გზების დასაგებად სჯობდა.

ქანდაკების გახსნას 15 ათასზე მეტი ქრისტიანი დაესწრო.