საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ 4 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 22 იანვარს გარდაიცვალა დედის თხოვნით 3,5 წლამდე მინდობით აღზრდაში იყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში მას ნახულობდა დედა, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტებს ძალადობის შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

უწყების ინფორმაციით, დედა მნახველების სიაში მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც ის შეამოწმეს და შეაფასეს. ბავშვი ოჯახში დაბრუნების შემდეგ სოციალური სამსახურისთვის მასზე ძალადობის შემთხვევის შესახებ პირველად ინფორმაცია 6 იანვარს შევიდა.

"მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული და არა ეჭვი, ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასზე ძალადობა ხდებოდა, არ მოხდებოდა მისი უკან დაბრუნება", — განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, მარი წერეთელმა.

22 იანვარს თბილისში, სანზონაში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381¹-ე მუხლით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ ორდერით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.