ტრანსგენდერი ქალი, ბაბეტა აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა არასამსახურეობრივი მიზნით შსს-ს ბაზაში გადაამოწმა და მისი გენდერული იდენტობა დედას გაანდო. ამის შესახებ ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) იუწყება, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევდა ტრანსგენდერ ქალს.

ორგანიზაციის ცნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელის ქმედება დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია და მინისტრის 2018 წლის 29 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებით პოლიციელი სამართალდამრღვევად სცნეს, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა.

ტრანსი ქალის განმარტებით, დედამ არაფერი იცოდა მისი გენდერული იდენტობის შესახებ. დაზარალებული განმარტავს, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ურთიერთობაზე და წარმოშვა ძალადობის პროვოცირების საფრთხე. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მან უარი განუცხადა ინსპექტორს, რომ კონტაქტი დაემყარებინა დედასთან. სწორედ ამ მიზეზის გამო, ინსპექტორმა ვერ შეძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.

ორგანიზაციის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ გადასცა განმცხადებელს. ინსპექტორმა თავის 2018 წლის 10 დეკემბრის წერილში განმარტა, რომ "ვინაიდან განცხადების განხილვა მიმდინარეობდა საიდუმლო საქმის წარმოების ფარგლებში ინსპექტორის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ გადაწყვეტილების ასლი და დეტალური ინფორმაცია განცხადების განხილვისას დადგენილი გარემოებების შესახებ".