ფეკალური ტრანსპლანტაციის დარგში მომუშავე მეცნიერების თქმით, მათ გაარკვიეს, თუ რატომ განსხვავდება სხვადასხვა დონორისგან გადანერგილი ფეკალური მასებით მიღებული შედეგები ერთმანეთისგან და ისიც, თუ რა აქცევს ზოგიერთ ადამიანს ფეკალური მასების საუკეთესო დონორად.

ოკლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები გააანალიზეს, რათა დაედგინათ, რატომ იღებდნენ ისინი ბევრად უკუეთეს შედეგს ზოგიერთი დონორის ფეკალური მასების გამოყენებისას. ფეკალური ტრანსპლანტაცია ეწოდება პროცესს, როდესაც ერთი ადამიანის ფეკალური მასა და მასთან ასოცირებული მიკრობები მეორე ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემაში ინერგება, რის შედეგადაც მიმღების საჭმლის მომნელებელ სისტემაში მიკრობების ჯანსაღი ბალანსი ღდგება.

აღნიშნული პროცედურა საკმაოდ პოპულარულია ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორსაც, მაგალითად, იწვევს ბაქტერია კლოსტრიდიუმ დიფიცილე. ეს ბაქტერია ნაწლავებს აინფიცირებს, მისი მთავარი სიმპტომები დიარეა და მუცლის ტკივილია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მას ნაწლავის სერიოზული დაავადებების გამოწვევაც შეუძლია. აღნიშნული ინფექცია ხშირად ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.

ნელ-ნელა ირკვევა, რომ ფეკალური მასის გადანერგვა ისეთი დაავადებების მიმართაც ეფექტური უნდა იყოს, როგორიც, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტია, რომელიც თავისმხრივ კუჭ-ნაწლავის ფლორის დარღვევასთან არის კავშირში.

ტრანსპლანტაციით ისეთი ინფექციების განკურნვა, როგორიც კლოსტრიდიუმ დიფიცილეა, როგორც წესი წარმატებით ხდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დონორი. თუმცა წყლულოვანი კოლიტის და სხვა მსგავსი რთული დაავადებების განკურნება ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება დონორი.

ერთ-ერთ კვლევაში, წყლულოვანი კოლიტის განკურნების სიხშირე ბევრად უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებსაც ფეკალური მასები ერთი კონკრეტული დონორისგან გადაუნერგეს, რამაც სუპერ-დონორების აღმოჩენამდე მიგვიყვანა.

კვლევის ავტორი ჯასტინ ო'სულივანი აცხადებს, რომ კლოსტრიდიუმ დიფიცილეს ინფექციის მთავარი გამომწვევი მიზეზი, ამავე ბაქტერიის გადაჭარბებული ზრდაა, თუმცა ისეთი დაავადებების მიმდინარეობა, როგორიც წყლულოვანი კოლიტია, არა უბრალოდ ერთი ბაქტერიით, არამედ რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტით არის განპირობებული - ეს დაავადებები უფრო კომპლექსურია, სუპერ-დონორების განსაკუთრებული თვისებები კი თავს სწორედ ასეთი დაავადებების შემთხვევაში ავლენს.

იმის გარკვევით, თუ რა განაპირობებს ზოგიერთი ადამიანის სუპერ-დონორობას, შეიძლება ისიც გაირკვეს, კონკრეტულად რომელ ნივთიერებებს ან ორგანიზმებს ახასიათებთ სამკურნალო თვისებები. საბოლოოდ კი მეცნიერები ამა თუ იმ დაავადების განსანკურნებლად, ფეკალური მასების ნაცვლად, პირდაპირ ამ საჭირო ნივთიერებებს გამოიყენებენ.

კვლევის ავტორის თქმით, ზოგიერთი ადამიანის სუპერ-დონორობას შესაძლოა მათ კუჭ-ნაწლავში არსებული მრავალფეროვანი და უნიკალური მიკროფლორა განაპირობებდეს.

მეცნიერების თქმით, არ არსებობს ერთი დონორი, რომელიც უკლებლივ ყველა რეციპიენტს იდეალურად მოერგება. იმისათვის, რომ პროცედურა უფრო წარმატებული გახდეს, საჭიროა რომ დონორები და რეციპიენტები ერთმანეთთან უკეთ იყვნენ შეთავსებულნი.

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი რობ ნაითი აცხადებს, რომ სუპერ-დონორების პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ხელოვნური ფეკალური მასის ტრანსპლანტის შექმნა გახდება შესაძლებელი, რომელშიც მრავალი სუპერ-დონორის მიკროფლორა იქნება გაერთიანებული.