საქართველოში საფრანგეთის, ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება. მისივე თქმით, შენგენის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშე დგას.

ელჩის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვი დიდი იყოს, რეალურად, არ არსებობს.

"საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ, დაახლოებით, ორი ათასამდე ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 პროცენტს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ, რადგან თავშესაფარს ჩვენ იმ ხალხს ვანიჭებთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT მოძრობის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება", — საფრანგეთის ელჩის განცხადების თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 2017 წელს ექვსი ათასს მიაღწია, მხოლოდ დეკემბერში თავშესაფრის ათასი მაძიებელი იყო. პასკალ მენიეს განმარტებით, საქართველოდან არა უფრო პოლიტიკურად დევნილები, არამედ ეკონომიკური მიგრანტები არიან.

"ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას", — აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, პასკალ მენიე ამბობს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ევროკავშირს არ სურს "მათ გამო ვინც ცუდად იქცევა ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა". საფრანგეთის ელჩი პრობლემად კრიმინალსაც ასახელებს და ამბობს, რომ ევროპაში ჩასული ქართველების ნაწილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ხდება.

"ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი — ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ", — თქვა ელჩმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას ამ საკითხზე ის საბერძნეთის, შვეიცარიის, შვედეთისა და გერმანიის ელჩებს ესაუბრა. მენიე აღნიშნავს, რომ პრობლემის განსახილველად შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც აპირებენ.