ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დააკავეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრაუნი ორ კაცთან ერთად დააპატიმრეს. მათ 24 წლის ქალის ჩვენების საფუძველზე გაუპატიურების ბრალდება აქვთ წარდგენილი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაზარალებული ამბობს, რომ ის თავდამსხმელს ღამის კლუბში შეხვდა და მასზე ბრაუნის სასტუმროს ნომერში იძალადეს.

საფრანგეთში გაუპატიურება 15-წლიანი პატიმრობით ისჯება.

კრიმინალური წარსული

კრის ბრაუნს კანონთან პრობლემები პირველად არ შექმნია. 2018 წლის ზაფხულში ის ორდერის დარღვევისთვის დააკავეს. 2016 წელს ის თავდასხმაში სილამაზის კონკურსის, მის კალიფორნიას გამარჯვებულმა დაადანაშაულა, თუმცა ბრაუნი გირაოთი გამოუშვეს.

ბრაუნის ყველაზე ხმაურიანი საქმე სუპერვარსკვლავ რიანას უკავშირდება, რომელსაც ბრაუნმა სასტიკად სცემა.

2009 წლის 8 თებერვალს, რიანას ლოს-ანჯელესში გრემის 51-ე საღამოზე უნდა ემღერა, თუმცა მისი გამოსვლა ჩაიშალა, რადგან დაჯილდოებამდე გამართული წვეულების შემდეგ, მას იმდროინდელი შეყვარებული, კრის ბრაუნი, საკუთარ მანქანაში დაესხა თავს.

რიანა თავდასხმის შემდეგ. 2009 წელი.

რიანასთვის საავადმყოფოში გადაღებული ფოტოებმა მედიაში გაჟონა. სურათებზე ჩანდა მომღერლისთვის სახეზე მიყენებული დაზიანებები.

ბრაუნი 2009 წლის 5 მარტს დააპატიმრეს. მას 5 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა.

2013 წელს, როცა მისი პრობაციის ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული, ბრაუნი და მისი დაცვის წევრი დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს და გირაოს გარეშე გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრაუნს რამდენჯერმე მოსთხოვა სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა.