პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტები შესაძლოა, დაიშალოს. ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება დავით ჭიჭინაძემ მიიღო. დეპუტატი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ საკითხზე საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, 5 თებერვალს ოფიციალურად განაცხადებს.

პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის დაშლას არ გამორიცხავს ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, ადა მარშანია. მისი თქმით, პარლამენტის რომელიმე დეპუტატთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ფრაქციის დაშლაში კი ტრაგედიას ვერ ხედავს.

"თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, შემოვა ჩვენთან, თუ არ გაუჩნდება, არ შემოვა. შეიძლება, ფრაქციამ ფრაქციის ფორმით არ გააგრძელოს მუშაობა და გააგრძელოს, როგორც დეპუტატთა ჯგუფმა", — ამბობს On.ge-სთან მარშანია.

დავით ჭიჭინაძე პატრიოტთა ალიანსში მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ფრაქცია ნატო ჩხეიძემ დატოვა და ერთხელ უკვე დადგა დაშლის საფრთხის წინაშე. დეპუტატის თქმით, პარტიის ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის ფრაქციაში ახალი წევრის გაერთიანება მისი შენარჩუნების გზა იყო.