1960-იან წლებში რუსეთსა და აშშ-ს შორის ცხარე კოსმოსური რბოლა მიმდინარეობდა, თუმცა 1970-იანი წლებიდან ორი კონკურენტი კოსმოსური სააგენტოს ურთიერთობები ნელ-ნელა დათბა. საბოლოოდ კი რუსეთსა და ამერიკას შორის კოსმოსურ საკითხებში საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამჟამად მათი თანამშრომლობის ძირითადი სფერო საერთაშორისო კოსმოსური სადგურია.

თუმცა, მალე ეს დადებითი ურთიერთობა შესაძლოა დასრულდეს, რაც დემილიტარიზებულ და მეგობრულ კოსმოსურ გარემოს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

მას შემდეგ, რაც NASA-მ კოსმოსური შატლის პროგრამა გააუქმა, ამერიკელი ასტრონავტებისათვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხვედრის ერთადერთი გზა რუსული ხომალდი Soyuz იყო. ბოლო დროს კი NASA ისეთ კერძო კომპანიებთან, როგორიც, მაგალითად, SpaceX-ია, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს, რის გამოც რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

"მე ვფიქრობ, რომ ამჟამად NASA-სა და როსკოსმოსის ურთიერთობაში გარდამავალი პერიოდია. როდესაც რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ოპერირებაში ჩაერთო, მათ ჰქონდათ სურვილი და მოთხოვნა, რომ ყოფილიყვნენ აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი პარტნიორები, ახლა კი რუსეთმა ეს გამორჩეული როლი თითქოს დაკარგა და ის გარკვეულწილად მეორეხარისხოვანი პარტნიორების სიაში გადავიდა", - აცხადებს კოსმოსის ისტორიკოსი ჯონ ლოგსდონი.

როსკოსმოსის პრეზიდენტმა, დიმიტრი როგოზინმა, 2004 წელს, როდესაც რუსეთის კოსმოსურ პროგრამას ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო, განაცხადა, რომ აშშ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად ტრამპლინების გამოყენებაზე უნდა დაფიქრდეს. გასულ წელს კი მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აღმოჩენილი პატარა ხვრელი, შესაძლოა, შეგნებულად ყოფილიყო გაკეთებული, რამაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სააგენტოებმა ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ, ეს ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება, ხოლო თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, ეს კოსმოსის შესწავლისა და ათვისების სფეროზე უარყოფით გავლენას აუცილებლად მოახდენს.