მერაბ მამარდაშვილზე თანამედროვე საქართველოში ცოტას საუბრობენ. მისი მთელი ნააზრევი ერთადერთ ფრაზამდე არის დაყვანილი [ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას], რომელმაც პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში განსაზღვრა კიდეც მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ფილოსოფოსს, რომელიც იდეოლოგიის მიერ აზროვნების აკრძალვას უდიდეს საფრთხედ განიხილავდა, სწორედ ამ ფენომენის გამოცდა მოუწევდა საკუთარ თავზე.

მამარდაშვილის ფილოსოფიურ მოსაზრებებზე მსჯელობისათვის უკიდურესად პოლარიზებულ 90-იან წლებში ადგილი ვერ მოიძებნა, თუმცა ათწლეულების შემდეგ მისი ლექციებისა თუ ნაწერების ინტელექტუალურ სივრცეში დაბრუნება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, მით უმეტეს, რომ საფრთხეები, რომლებზეც ის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ცოტა ხნით ადრე საუბრობდა, არსად გამქრალა.

ცოტა ხნის წინ პეგასმა კიდევ ერთხელ გამოსცა მერაბ მამარდაშვილის ლექციათა ორი კურსი, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1990 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე წაიკითხა.

დამოუკიდებლობის შესახებ

დრო, როცა ეს ლექციები იკითხებოდა, განსაკუთრებით მღელვარე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მერაბ მამარდაშვილის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა. ის საუბრობს საბჭოთა კავშირზე, რუსეთსა და საგარეო კურსზე, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უნდა აირჩიოს. მისი თქმით, გათავისუფლება აბსოლუტური ამოცანაა. "სანამ დამოუკიდებლობას არ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ რეალობას, ვერ დავინახავთ ჩვენს თავს". მამარდაშვილი შორსაა იმ ილუზიისგან, რომ დამოუკიდებლობის მიღებისთანავე საქართველოში კეთილდღეობა დაისადგურებს, თუმცა ეს ფაქტორი იდეისთვის ბრძოლაში ხელისშემშლელი არ შეიძლება იყოს. მაგალითად მას განდი მოჰყავს:

"განდის საკუთარი ერის დიდი იმედი არა ჰქონდა და გარკვეულ პატივს სცემდა ინგლისურ ადმინისტრაციას. მე ამ უკანასკნელს სრულიად არ ვადარებ რუსულ ადმინისტრაციას, ის ისეთივე იდიოტია და უნიჭო, როგორც ჩვენი, ქართული ადმინისტრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში განდის აზრია საინტერესო. იგი თვლიდა: გათავისუფლების შედეგად პატიოსანი ინგლისელი იმპერიალისტისა და ადმინისტრატორის მაგივრად გვეყოლება საკუთარი გარყვნილი და კორუმპირებული ადმინისტრაცია. დე, იყოს ასე! სანამ არ გავთავისუფლებულვართ, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ინგლისელი ცუდია და უნდა გავთავისუფლდეთ. ხოლო როცა გავთავისუფლდებით და ყველაფერი ჩავარდება საკუთარი ეგოისტი ინდოელი ადმინისტრატორის ხელში, მაშინ უკვე გარეთ კი აღარ დავუწყებთ მტერს ძებნას, არამედ ჩვენ შიგნით დავინახავთ მას და მივხვდებით, რა არის გასაკეთებელი".

რამდენად განაპირობა რუსეთში დესპოტიზმის ტრადიციამ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბება

ფიზიკის ინსტიტუტში ცნობილი გამოსვლის დროს მერაბ მამარდაშვილმა რუსეთის ისტორიისა და ტოტალიტარიზმის კავშირზეც ისაუბრა:

"ტოტალური ფენომენი აბსოლუტურად უნიკალურია. იგი არ არის ტრადიციული იმპერია, არც ტრადიციული დესპოტიზმი, არამედ სულ სხვაა, ბევრად საშინელი რამ. იგი არ უნდა გვერეოდეს ისეთ ფენომენში, როგორიც იყო, მაგალითად ივანე მრისხანის ამ პეტრე პირველის დესპოტური რეჟიმები. მეორე მხრივ, მე ვთქვი, რომ რუსულ ტრადიციაში, რუსულ ხასიათში, რუსულ მენტალიტეტში არსებობს გარკვეული წანამძღვარი იმისა, რომ ყველაფერი სწორედ რუსეთში მომხდარიყო. ოღონდ დავსძენდი, რომ იმას, რაც მოხდა, ამ ხასიათიდან, ამ ტრადიციიდან დედუქციით ვერ გამოიყვან. რაღაც დამატებითი ფენომენი უნდა დავუშვათ. ჩემი აზრით, ასეთი დამატებითი მონაცემის როლს ასრულებს, ერთგვარი მუტაცია, რომელიც 1914-1917 წლების მსოფლიო ომის კატასტროფულმა მოვლენებმა მოიტანა. ომს, პოლიტიკურის გარდა, ფსიქიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მან შოკის მდგომარეობაში ჩააგდო მილიონობით ადამიანი, ამ შოკს კი შეელო მუტაცია გამოეწვია. მე მგონი, რუსეთის სივრცე სავსე იყო ასეთი ადამიანებით და შემდეგ ამ ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინა სოციალისტურმა იდეოლოგიამ. ამის შედეგად შეიქმნა ისეთი ფორმაცია, რომელსაც ჰქვია საბჭოთა კავშირი. ეს ერთი მხრივ, იმპერიული ფორმაციაა იმ გაგებით, რომ ერთი დიდი ერის ძალით სხვა ერები იჩაგრებიან, მაგრამ ამავე დროს მეტად თავისებური იმპერიაა, რადგან იგი არ არის რუსი ხალხის იმპერია. მე ამით რუსებზე არც კარგს ვამბობ, არც ცუდს. კლასიკურ იმპერიაში მეტროპოლია კოლონიური ერების მეშვეობით მდიდრდება. რუსეთი ყოველთვის ამის საწინააღმდეგო ფენომენი იყო. ასეთი მეტროპოლია რუსეთში არ არსებობს, ის თვითონაა დანგრეული და კოლონიები ხშირად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე თვით ცენტრალური რუსეთი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსული ხასიათის გარკვეულ თავისებურებათა გამოყენება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, მთელი საბჭოთა კავშირი მართოს. ამ გაგებით რუსეთის იმპერია, რა თქმა უნდა, არსებობს".

უყურეთ შაბათის შუადღეს, სადაც წიგნზე ლაშა ბუღაძე საუბრობს: