დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პირველი არხის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ადგილზე მისვლისას შეამოწმა როგორც შიდა ასევე გარე პერიმეტრი, მაგრამ გაზის სუნი არ უგრძვნია. მისივე თქმით, გამოიყენა სპეციალური აპარატიც, თუმცა გაზის გაჟონვა არ დაფიქსირებულა. მოსამართლის კითხვაზე, რას შეეძლო გამოეწვია აფეთქება ბრალდებულმა უპასუხა, რომ შესაძლოა გაზი რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა. როგორც პირველი არხი წერს, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამ განმარტებით ბრალდებული საკუთარ ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა.

აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში

16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფეთქების დღეს ყაზტრანსგაზის ჯგუფი ორჯერ გამოიძახეს და მათ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. კომპანიამ ეს ფაქტი ორი დღის შემდეგ დაადასტურა. მათ თქმით, სპეციალურმა აპარატებმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.