შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტში მონაწილეობდნენ, მათთან გამოკითხვაზე არ მივიდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოებების გამოსავლენად ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებენ.

"ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით", — აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის ეკისრება.