დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები ყაზტრანსგაზის თანამშრომლები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები არიან, რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ.

უწყების ინფორმაციით, ავთანდილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ყაზტრანსგაზის ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. გამოძიების მტკიცებით, ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში

16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფეთქების დღეს ყაზტრანსგაზის ჯგუფი ორჯერ გამოიძახეს და მათ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. კომპანიამ ეს ფაქტი ორი დღის შემდეგ დაადასტურა. მათი თქმით, სპეციალურმა აპარატებმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.