განახლება: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულები ყაზტრანსგაზის თანამშრომლები არიან

დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე 2 პირი დააკვეს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის წინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია ვინ არიან დაკავებულები

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფეთქების დღეს ყაზტრანსგაზის ჯგუფი ორჯერ გამოიძახეს და მათ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. კომპანიამ ეს ფაქტი ორი დღის შემდეგ დაადასტურა. მათ თქმით, სპეციალურმა აპარატებმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.