დიაბეტის მკურნალობაში შემდეგი წინ გადადგმული ნაბიჯი, შესაძლოა, არა რომელიმე მედიკამენტი ან თერაპია, არამედ ადამიანის ახალი სისხლძარღვები იყოს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში არსებულის იდენტურია.

ეს პირველი სისხლძარღვებია, რომელთა გაზრდაც მეცნიერებმა ლაბორატორიაში მოახერხეს და მკვლევარები უკვე ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება ამის გამოყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

დიაბეტის დროს ადამიანის სისხლძარღვები სქელდება, რის გამოც ის უჯრედებისა და ქსოვილებისაკენ ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ეფექტურად გადატანას ვეღარ ახერხებს, რამაც უამრავი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, იქნება ეს თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე, თუ გულის შეტევა.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ჟურნალ Nature-ში ოთხშაბათს გამოქვეყნდა. მასში აღწერილია, თუ როგორ შექმნეს მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისაგან ადამიანის სისხლძარღვების მსგავსი სისტემა.

შემდეგ მეცნიერებმა ხელოვნურად გაზრდილი სისხლძარღვები სპეციალურად შექმნილ, ხელოვნურ დიაბეტურ გარემოში მოათავსეს და აღმოაჩინეს, რომ ხელოვნურმა სისხლძარღვებმა გასქელება დაიწყო, ისევე როგორც, ეს ადამიანებში ხდება.

შემდეგ მეცნიერებმა სცადეს რომ ეპოვნათ ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვების გასქელებას შეაფერხებდა, რომელსაც მათ მალევე მიაგნეს, ესაა ფერმენტ y-სეკრეტაზას ინჰიბიტორი.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში y-სეკრეტაზას დათრგუნვით დადებითი შედეგების მიღება შეიძლება.

კვლევის ავტორი ჯოზეფ პენინგერი აცხადებს, რომ ხელოვნურად გაზრდილი სისხლძარღვების გამოყენება დიაბეტის გარდა უამრავ სხვა სფეროშიც შეიძლება.

"ღეროვანი უჯრედებიდან ადამიანის სისხლძარღვების შექმნის შესაძლებლობა რევოლუციურია. სწორედ სისხლძარღვებია ის, რაც ჩვენს ორგანიზმში ყველა ორგანოს ერთმანეთთან აკავშირებს. ხელოვნური სისხლძარღვები მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ უამრავი დაავადება, მათ შორის ალცჰაიმერი, გულ-სისხლარღვთა დაავადებები, ინსულტი, კიბო და, რა თქმა უნდა, დიაბეტი, უკეთ შეისწავლონ", - აცხადებს პენინგერი.