ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ ადამიანებს, ვისაც არ ახსოვთ ან არ ჩაუტარებიათ წითელს აცრა, მოუწოდებს, სასწრაფოდ შეამოწმონ და გაიკეთონ ვაქცინაცია. მისი თქმით, იმუნიტეტის გარეშე დარჩენილ 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებს 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინათ გეგმიური ვაქცინაცია, მაგრამ "ცნობილი მიზეზის გამო ეს ვერ ხერხდებოდა".

ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟრერებული მონაცემებით, 2008 წლისთვის 1 მილიონი ადამიანი იყო წიტელას იმუნიტეტის გარეშე, იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად კი ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, მეორე ნახევრის კი ვერ:

"დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანია წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ესენი არიან საშუალო ასაკის ადამიანები, რომელთათვის ეს დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს", — ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურმა On.ge-უთხრა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან 16 იანვრამდე წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებზე მოდის.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით.

დაავადების სიმპტომებია სიცხე, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყარი და ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი, რომელთა გამოვლენა სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი ავადდება.

2019 პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია, რომ ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრები გაიკეთოს.