პოლიტიკური გაერთიანება გირჩი მიიჩნევს, რომ ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრება ძალაუფლების მქონეთა ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცევა.

გირჩის პოზიციით, დღეს ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ამის გამართლებას ცილისწამების, "რელიგიური გრძნობების" თუ უბრალოდ შეურაცხყოფის დაუშვებლობით ცდილობს.

"ზოგადად, სიტყვის თავისუფლების მთელი არსი მდგომარეობს სწორად იმაში, რომ დაცული იყოს გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, გამაღიზიანებელია, გასაბრაზებელია და გასაგიჟებელიც შეიძლება იყოს. "გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" დაცვა არ სჭირდება", — ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური გაერთიანებისა პოზიციით, შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საკითხია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. შესაბამისად, შეუძლებელია უნივერსალური ფორმულის მოფიქრება და კანონით განსაზღვრა, კონკრეტულად რისი თქმა ან დაწერა უნდა გახდეს დასჯადი.

გირჩის აზრით, კიდევ უფრო რთულია ცილისწამების კრიმინალიზება, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული, "რეპუტაციის შემლახველი" ფრაზის ავტორმა წინასწარ იცოდა, რომ ტყუილს ამბობდა.

"ორივე შემთხვევაში, დანაშაულის ფაქტის სასამართლოს მიერ დადასტურება ურთულესი ამოცანაა ყველგან, სადაც არსებობს ასეთი კანონმდებლობა, მაგრამ საერთოდ შეუსრულებელი — მურუსიძის სასამართლოს პირობებში. შესაბამისად, გასაგებია რომ, მიღების შემთხვევაში, ამ კანონს ექნება ერთადერთი ფუნქცია — ის იქცევა სადამსჯელო ინსტრუმენტად ძალაუფლების მქონეთა ხელში", — აცხადებენ პოლიტიკურ გაერთიანებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, გირჩისთვის თავისუფლება არის არსებობის აზრი. მათთვის სიტყვის თავისუფლება არის არა უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, არამედ მექანიზმი, რომლითაც ისინი არკვევენ სიმართლესა და ტყუილს, ცუდსა და კარგს, ბოროტსა და კეთილს.

"შესაბამისად, არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც გირჩს ამ მექანიზმის სრულყოფილად გამოყენების უფლებას თუნდაც ოდნავ მაინც შეუზღუდავს", — აცხადებს გირჩი.

მათი თქმით, მაღალი ალბათობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის იდეის კანონად ქცევას, ის ინსტიტუტი შეეცდება, სადაც "ჰაერიდან მოტანილი იმუნიტეტით დაცულნი, პერიოდულად, ერთმანეთს არათუ აგინებენ, თავპირსაც ამტვრევენ, ხოლო იდეის ინიციატორი ის ინსტიტუტია, სადაც ერთმანეთს ციანიდით დასდევენ მოსაკლავად".

საქართველოს პრეზიდენტისა და საპატრიარქოს შემდეგ გამოხატვის თავისუფლების რეგულირებაზე კანონმდებლებმაც ღიად დაიწყეს საუბარი. ამ მიმართულებით უმრავლესობის დეპუტატების ხედვა არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ცილისწამების კანონის გამკაცრებაზე საუბრობს, ნაწილი კი სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ყველა მათგანი ირწმუნება, რომ ამ საკითხების დარეგულირებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არ შეიზღუდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ცილისწამების კუთხით კანონის გამკაცრება საფრთხის ქვეშ დააყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

გაიგე მეტი: