ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თვლის, რომ დიდ დიღომში გამოძახებაზე მისულმა ყაზტრანსგაზის ბრიგადამ, სავარაუდოდ, კორპუსი "გულგრილად და ზერელედ" დაათვალიერა. მისივე ვარაუდით, "არაპროფესიონალიზმისა და გამოუცდელობის გამო" ჯგუფმა მხოლოდ გარე პერიმეტრი შეამოწმა და შიდა სივრცე არ მოიკვლია.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ როცა საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნი იგრძნობა აუცილებელია რეკომენდაციის გაცემა შენობის დატოვების შესახებ. მისივე თქმით, საჭიროა გაიღოს ყველა სახლის კარი და თუ ყველა მაცხოვრებელს ვერ უკავშირდებიან მაშინ კორპუსის მომმარაგებელი გაზის მილი უნდა ჩაიკეტოს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩაბარდა თუ არა გაზის გამანაწილებენ კომპანიას კორპუსი უსაფრთხოების წესების დაცვით.

"მაშინ როდესაც გადაწყვიტა გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ, რომ ამ კორპუსზე გაზის მიერთება უნდა მომხდარიყო, დაცული იყო თუ არა ყველა პროცედურა, რომელიც დაცული უნდა იყოს მოქმედი რეგლამენტის მიხედვით. ასევე, ჩაიბარეს თუ — არა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც მოწმობდა შიდა ქსელის გამართულობასაც", — განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში

16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფეთქების დღეს ყაზტრანსგაზის ჯგუფი ორჯერ გამოიძახეს და მათ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. კომპანიამ ეს ფაქტი ორი დღის შემდეგ დაადასტურა. მათი თქმით, სპეციალურმა აპარატებმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.