საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისის მერიამ On.ge-ს დაუდასტურა. მათივე განმარტებით, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ "ჩაუბარებელ" კორპუსში ცხოვრება შეიძლება.

როგორც გამგეობის წარმომადგენელმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსი დასრულებული იყო, თუმცა "ტექნიკური დეტალები ჩაბარებული არ იყო".

16 იანვარს საღამოს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა, მათგან ექვსი ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამავე თემაზე: