დიდ დიღომში აფეთქების დროს დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. როგორც კლინიკის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა, მათგან ექვსი ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.