ბარბადოსელმა სუპერვარსკვლავმა რიანამ მამამისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც ცნობილია, მამამისმა მისი სავაჭრო ნიშანი Fenty თავისი ბიზნესისთვის უკანონოდ გამოიყენა.

რიანას სრული სახელი რობინ რიანა ფენტია. მან სწორედ თავისი გვარი გამოიყენა კოსმეტიკური ბრენდის ხაზისთვის. კომპანია 2017 წლიდან არსებობს და გამორჩეულია პროდუქციის ინკლუზიურობით.

რიანამ სიტყვა Fenty-ის სავაჭრო მარკა შეიძინა, რაც კრძალავს ფინანსური კეთილდღეობისთვის მის გამოყენებას. ამის მიუხედავად, მომღერლის მამამ, რონალდ ფენტიმ "ნიჭის განვითარების კომპანია" დააარსა, რომელსაც Fenty Entertainment დაარქვა.

როგორც ცნობილია, რიანას წარმომადგენლებმა რონალდ ფენტის მრავალი გაფრთხილება წერილობით გაუგზავნეს, თუმცა საბოლოოდ საქმე სასამართლომდე მივიდა. რიანა მამას მისი სახელისგან და ბრენდისგან სარგებლის მიღებაში ადანაშაულებს.

რიანა აცხადებს, რომ მამამისმა მისი წერილები უგულებელყო და Fenty Entertainment-სგან შემოსავალს იღებს.

სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მომღერალი მამამისსა და მის ბიზნესპარტნიორს მისი სახელის უკანონოდ გამოყენებაშიც ადანაშაულებს. კერძოდ, ისინი მილიონობით დოლარის მისაღებად თავს რიანას ოფიციალურ წარმომადგენლებად ასაღებდნენ, 2017 წელს კი მომღერალთან შეუთანხმებლად ლათინურ ამერიკაში 15 მუსიკალური შოუ დაგეგმეს, რომლებშიც, მათი მტკიცებით, რიანა უნდა გამოსულიყო.

2018 წლის ბოლოს, რიანამ გაგვიმხილა, რომ ახალი ალბომის გამოსვლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ფანის კითხვაზე, თუ როდის გამოუშვებდა ახალ ალბომს, რიანამ კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა უპასუხა, რომ რიანას მეცხრე სტუდიური ალბომი მხის სინათლეს 2019 წელს იხილავდა.

რიანას ბავშვობა ისეთი თვალისმომჭრელი არ ყოფილა, როგორიც დღესაა. ის 3-ოთახიან ბუნგალოში დედ-მამასთან და ძმებთან ერთად იზრდებოდა. მამა კოკაინზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და ხშირად ძალადობდა დედაზე. 14 წლის ასაკში, გამუდმებული თავის ტკივილის გამო, რიანას ტომოგრაფიებს უღებდნენ, რადგან ექიმებს ეგონათ, რომ სიმსივნე ჰქონდა. დედ-მამის დაშორების შემდეგ, რიანას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.