უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ოფიციალურად მინიჭებიდან თითქმის ორი კვირის თავზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად თქვა, რომ მიესალმებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ამყარებს უკრაინის სუვერენიტეტს. ამასთან, მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ პირველ რიგში ეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს:

"მოგეხსენებათ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საკითხებში. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას".

ჟურნალისტის კითხვაზე, მიულოცა თუ არა საგარეო უწყებამ ოფიციალურად უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება, ზალკალიანი ამბობს, რომ მან სიტყვიერად გამოხატა თავისი პოზიცია ჟურნალისტებთან.

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში

6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.

თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.

ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა". მწუხარება სიხარულად გადაიქცა, მაგრამ მხოლოდ უკრაინისთვის. ავტოკეფალია ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ისევ სდუმს.

როგორც სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ აღნიშნა, ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ. თუმცა, სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა კი პროცესების გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ჯერ ტომოსი არ წაუკითხავთ. სწორედ ამიტომ, აქტივისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოში ორენოვანი ტომოსი მიიტანა.

უკრაინას უკვე მიულოცა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ, თუმცა საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს მსგავსად თავს იკავებს. მათი თქმით, არასწორი იქნება უკრაინის ავტოკეფალიაზე აზრის დაფიქსირება საპატრიარქოს პოზიციას დაასწრონ. ამ აზრს არ ეთანხმება მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საპირწონედ უკრაინას ავტოკეფალია უკვე მიულოცა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და ქართველ მუსლიმთა კავშირმა. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარმა. მათ შორის არიან შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე.