გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) საქართველოდან გაგზავნილ ფემიციდის საქმეს პირველად განიხილავს. საქმე ეხება 2014 წელს მომხდარ ფემიციდის შემთხვევას, რა დროსაც, ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლა.

დაზარალებულის ოჯახის წევრების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

საიას ცნობით, ქალმა ძალადობის გამო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა მათ არ მიიღეს სათანადო ზომები. ასევე არ გამოიძიეს ფემიციდის საქმე.

საქმე კომიტეტში 2017 წლის 5 სექტემბერს გაიგზავნა, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს დაზარალებულის ოჯახის წარმომადგენლებმა კომიტეტში საქმის თაობაზე სახელმწიფოს მოსაზრებების შესახებ არგუმენტები წარადგინეს.