გალაქტიკების, ვარსკვლავებისა და სხვა შორეული სამყაროების გადაღება NASA-სთვის უცხო რამ არ არის, თუმცა ჩვენ იშვიათად თუ გვეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარ პლანეტას ახალი კუთხიდან შევხედოთ.

კოსმოსიდან დედამიწა ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება, მზის სისტემის შორეული რეგიონებიდან გადაღებულ ფოტოებში კი კარგად ჩანს, თუ რამდენად პატარაა ჩვენი პლანეტა.

ახლახან ნასას ხომალდმა OSIRIS-REx-მა დედამიწას 114 მილიონი კილომეტრის სიშორიდან ფოტო გადაუღო.

OSIRIS-REx-ის მისიის მთავარი დავალება მისი სამიზნე ასტეროიდის, ბენუს შესწავლაა, რომელსაც მან ერთი წლის წინ მიაღწია, ახლა კი ის მის ორბიტაზე იმყოფება.

ხომალდის ამოცანა ასტეროიდიდან ნიმუშის აღება, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნებაა.

ფოტო: NASA/Goddard/University of Arizona/Lockheed Martin Space

ფოტოს მარცხენა მხარს დედამიწასა და მთვარეს ვხედავთ. მარჯვენა მხარეს არსებული ნათელი ბურთი კი შეიძლება მზე გეგონოთ, მაგრამ ეს თავად ასტეროიდი ბენუა.

იმისათვის, რომ შორი მანძილიდან მკრთალი დედამიწისა და მთვარის დაფიქსირება შესაძლებელი ყოფილიყო, ფოტო მაღალი ექსპოზიციით არის გადაღებული, ამ მიზეზის გამო ხომალდთან ახლოს მყოფი ასტეროიდი ფოტოში ძალიან კაშკაშად ჩანს.

114 მილიონი კილომეტრი საკმაოდ დიდი მანძილია, თუმცა ეს არ არის ყველაზე შორი მანძილიდან გადაღებული ფოტო, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს ტიტული ვოიაჯერ 1-ის მიერ 30 წლის წინ გადაღებულ ფოტოს ეკუთვნის, რომელსაც მკრთალი ლურჯი წერტილი ეწოდება და ის ექვსი მილიარდი კილომეტრის სიშორიდანაა გადაღებული.