მოქალაქეების ნაწილი დაგროვებითი საპენსიო სისტემის გაუქმებას პეტიციით ითხოვს. manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ კანონი ნაჩქარევადაა შექმნილი და საზოგადოება განხილვაში ჩართული არ ყოფილა.

"არ არის დადგენილი რეფორმის სარგებლიანობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. კანონი ავალდებულებს მოქალაქეებსა და ბიზნესს გადაიხადონ დამატებითი გადასახადები, რაც ფაქტობრივად ახალი გადასახადის შემოღებაა", — ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. ისინი ვალდებულნი არიან საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.

როგორ გროვდება პენსია

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1 000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ.

შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა ორი პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო ორი პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან, ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა დაუბეგრავი ხელფასი მოგიმატოთ, რათა ხელზე იგივე თანხა აიღოთ. 1 000 ლარის შემთხვევაში, მისი ხარჯი 5,26 პროცენტით გაიზრდება, ანუ მისი ხარჯი 52,6 ლარით მოიმატებს.

ამავე თემაზე: