ჩინეთში ქალს უცნაური დიაგნოზი დაუსვეს. მან ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა, რომ მას მისი შეყვარებულის ხმის გაგება არ შეეძლო - მას კაცების ხმა აღარ ესმოდა.

ქალს დაძინებამდე გულისრევა და ყურში მაღალი ტონალობის ხმა აწუხებდა, დილით გაღვიძების შემდეგ კი მას ბოხი ხმის მქონე ადამიანების აღარ ესმოდა.

საავადმყოფოში მისვლის შემდეგ მას სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ტიპის (reverse-slope hearing loss) დიაგნოზი დაუსვეს. აშშ-სა და კანადაში აღნიშნული დაავადების მხოლოდ 3 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

აღნიშნული ტიპის სმენის დაქვეითების დროს ყური დაბალი სიხშირის ტალღების აღქმის უნარს კარგავს, ხოლო რადგანაც კაცების ხმა უფრო დაბალი ტონალობისაა, ასეთ ადამიანებს კაცების ხმა აღარ ესმით, თუმცა ქალის ხმის გაგება პრობლემას ძირითადად არ წარმოადგენს ხოლმე.

მისი ექიმი, ლინ ჯაოქინგი აცხადებს, რომ პაციენტს მასთან საუბრისას სმენის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა, როდესაც ოთახში კაცი ექიმი შემოვიდა, პაციენტს მისი არ ესმოდა.

აღნიშნული დარღვევის დაფიქსირება საკმაოდ რთულია, რადგან ზოგჯერ პაციენტებმა არც კი იციან, რომ მათ დაბალი სიხშირეების გაგება არ შეუძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ძლიერად არ არის გამოხატული.

ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გენეტიკური იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ ადამიანს, ისეთი დაბალი სიხშირის ტალღები, როგორიც, მაგალითად, მაცივრის ზუზუნია, შესაძლოა არ ესმოდეთ. სმენის მსგავს დაქვეითებაში როლს შესაძლოა სტრესიც თამაშობდეს, ქალს უძილობა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აწუხებდა.

ექსპერტების თქმით ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დახმარებას დროულად მივმართოთ.

ექიმი აცხადებს, რომ პაციენტს სმენა სრულად აღუდგება.