აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუნივერსიტეტო კლუბ Clemson Tigers-ის ფეხბურთელებთან შეხვედრისას 300-ზე მეტი ბურგერი შეუკვეთა. ტრამპის თქმით, ე.წ. შათდაუნის გამო თეთრ სახლში მზარეულების ნაკლებობაა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საკვების ფული თვითონ გადაიხადა.

"ჩვენ გვაქვს პიცა, 300 ჰამბურგერი, ბევრი კარტოფილი ფრი — მოკლედ მთლიანად ჩვენი საყვარელი საჭმელი", — განაცხადა ტრამპმა სპორტსმენების მიღებისას.

ფოტო: Chris Kleponis / Getty Images

როდესაც ტრამპს მის საყვარელ სწრაფი კვების საჭმელზე ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ ამერიკული უყვარს. პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა რა დაუჯდა საჭმლის შეკვეთა, თუმცა თქვა, რომ ე.წ. შათდაუნის გამო ფეხბურთელებთან შეხვედრის გადადება არ უნდოდა.

ე.წ. შათდაუნი 24-ე დღეა გრძელდება და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. ფედერალური სამსახურები დაფინანსების გარეშე დარჩნენ, რადგან კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატები მექსიკის კედლისთვის დაფინანსების გამოყოფაზე უარს ამბობენ. კედლის დაფინანსების გარეშე კი ტრამპი უარს ამბობს ბიუჯეტის ხელმოწერაზე.

სტრუქტურების მუშაობის შეჩერების გამო თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ხელფასის გარეშე 800 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი, მათგან 450 ათასი კი მუშაობას ვერ წყვეტენ, მათ შორის ავიამეთვალყურეები და მესაზღვრეები. ისინი ხელფასის გარეშე აგრძელებენ მუშაობას.