რუსეთის ადგილობრივი ორგანიზაციებისა და გამოცემების ინფორმაციით, იანვარში ჩეჩნეთში ლგბტ თემის წევრების დევნისა და დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

რუსეთში პოპულარულ სოციალურ ქსელ ვკონტაქტეში ორგანიზაცია აულმა დაპოსტა, რომ ჩეჩნეთში გეი პირების დევნა განახლდა. ლგბტ თემის წევრების დაკავებაზე წერს ნოვაია გაზეტაც.

14 იანვარს რუსეთის ლგბტ ქსელის დირექტორმა, იგორ კოჩეტკოვმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოდან ჩეჩნეთში 40-მდე ლგბტ პირი დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებულთაგან ორი წამების დროს გარდაიცვალა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ მათ სამართალდამცავები აკავებენ და არღუნში უკანონოდ ამყოფებენ. ადგილობრივი პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რათა მათ ვერ შეძლონ რესპუბლიკის დატოვება და სასამართლოში თავისი თავის დაცვა", — ამბობს ქსელის დირექტორი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ბრალდებებს ტყუილსა და დეზინფორმაციას უწოდებს. ისინი ამტკიცებენ, რომ უკანონო საპატიმროები არ აქვთ. მათივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არავინ დაუკავებიათ.

ჩეჩნეთში ლგბტ პირების მასობრივი დაკავებისა და წამების ფაქტებზე ნოვაია გაზეტამ პირველად 2017 წლის აპრილში დაწერა. წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა ამბობდა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება გეი კაცებს საიდუმლო ციხეებში სვამდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის ლგბტ ქსელის ინფორმაციით, 2017 წელს ორგანიზაცია ჩეჩნეთის დატოვებაში 150-მდე ადამიანს დაეხმარა, მათგან 130-მა კი რუსეთიც დატოვა.

ხელისუფლება რესპუბლიკაში საიდუმლო ციხეების არსებობას მაშინაც უარყოფდა. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მედიას, რომელიც გეების შევიწროებაზე წერდა, თვითრეკლამაში ადანაშაულებდა.

2017 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რამზან კადიროვი და პოლიციის განყოფილების უფროსი, რომელსაც გეების წამებაში ადანაშაულებენ, მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2018 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ლგბტ პირების დევნის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა ან ამის უფლება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიეცა.

გარდა ამისა, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთომ დეკემბერში ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რესპუბლიკაში ლგბტ პირების დევნა აშკარაა.