სომხეთის ახლადარჩეული პარლამენტი დღეს, 14 იანვარს პირველ სხდომას გამართავს. როგორც რადიო თავისუფლების სომხური ბიურო წერს, დღის წესრიგში შვიდი საკითხია შესული, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიონ.

ახალ პარლამენტში 132 დეპუტატია და სამ ფრაქციად იყოფიან: ბლოკი ჩემი ნაბიჯი (88 მანდატი), პარტია აყვავილებული სომხეთი (26) და პარტია ლუსავორ აიასტან (18 მანდატი).

2018 წლის აპრილში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. მთავრობას სათავეში ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი ჩაუდგა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიზნად მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაისახა.

ტაქტიკური მიზეზებით პაშინიანი 16 ოქტომბერს გადადგა. მისი გეგმით, პარლამენტს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ორივე ჯერზე პრემიერი ვერ უნდა აერჩია, რის გამოც, კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის ეროვნული კრება დაშლილად გამოცხადდებოდა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ის შეთანხმებული იყო სხვა პარტიებთან, რომ პრემიერობის კანდიდატს არავინ წარადგენდა.

მისი გეგმა გამართლდა. 9 დეკემბერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ პაშინიანის ბლოკმა ჩემი ნაბიჯი გაიმარჯვა. ყოფილმა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ კი პარლამენტში ადგილები ვერ მოიპოვა.