ორშაბათს პოზიტიური ამბით ვიწყებთ, რომელიც საქართველოში მოხდა, კერძოდ ქუთაისში.

საქმე ის არის, რომ ადგილობრივმა ონისე მელქაძემ, თავის ერთგულ მეგობარსა და ოჯახის სრულუფლებიან წევრს, ძაღლს, სახელად ბიმის, დაბადების დღე გადაუხადა.

ონისემ ბიმის წვეულებაზე მისი მეგობარი ძაღლებიც მოიწვია. ამის შესახებ ფეისბუქ პოსტიდან ვიგებთ, რომელშიც ვხედავთ დაბადების დღის ქუდებში გამოწყობილ ძაღლებსა და საზეიმო სუფრას.

მაგიდაზე ნახავთ კუჭმაჭს, პიცას, ხაჭაპურსა და ძაღლებისთვის გამიზნულ სხვა გემრიელობებს.

"ბიმი და მისი მეგობრები. ჯერ ბავშვები დავსვით და მერე დიდები დავსხდებით სუფრასთან", - წერს ონისე.

სავარაუდოდ, ალკოჰოლი, ტკბილეულობა და ტორტი, ბიმის გამოსახულებით "უფროსებმა" გაინაწილეს.

ვირუსულ პოსტს ფეისბუქზე უკვე ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.