ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ცილისწამების შესახებ კანონზე დისკუსია საფუძველს მოკლებული არაა.

"დისკუსიის დაწყება ჩვენს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ჩვენ წინ აღვუდგეთ ცრუ ინფორმაციას, როგორ შეიძლება, წინ აღვუდგეთ იმ სიძულვილის ენას, რომელიც ვნახეთ, თუნდაც ბოლო არჩევნების დროს, თუმცა მას შემდეგაც არ შემწყდარა ეს ნაკადი, არის, ვფიქრობ, აქტუალური", — აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, უშუალოდ საკანონმდებლო რეგულაციებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ისინი ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ საფრანგეთის ახალ კანონს გაეცნობიან:

"ნებისმიერ შემთხვევაში ის გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში შესაძლოა იყოს მიღებული, იქნება განხილული იმ ჭრილში, რომ გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დარჩეს მაღალ სტანდარტზე, როგორიც იყო აქამდე".

ცილისწამების კონტროლის ინიაციტივა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების მეტ დაცულობას და სიტყვის თავისუფლებასაც არ შეზღუდავს. ცილისწამების პრობლემაზე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს პრობლემა გამოხატვის თავისუფლების შეზღდუვის გარეშე მოგვარდა. მან პარლამენტს კანონის მიღებისკენ მოუწოდა.

ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით "ბოროტად სარგებლობენ". მისი თქმით, "დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

ცილისწამება დასჯადი ქმედება 2004 წლის შემდეგ აღარაა, ანუ მას შემდეგ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.

არასამთვრობო ორგანიზაციები ინიცაიტივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.

"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად", — ასე გამოეხმაურა კოალიცია ცილისწამების შესახებ კანონის მიღების ინიციატივას.