ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტითან შეხვედრის დეტალები დამალა. ტრამპის განცხადებით ის საიდუმლოებს არ ინახავს.

შეხვედრის უცნობი დეტალების შესახებ პირველად Washington Post-მა დაწერა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ტრამპმა თეთრ სახლს სრული ინფორმცია არ მიაწოდა და თარჯიმანს შეხვედრის ჩანაწერები წაართვა. გარდა ამისა, გამოცემა წერდა, რომ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, ვინც პუტინთან შეხვედრისას თეთრი სახლის მაღალჩინოსნები არ წაიყვანა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში განაცხადეს, რომ ამ საკთხთან დაკავშირებით სხდომას გამართავენ. მათი თქმით, ამერიკა იმსახურებს სიმართლის ცოდნას და ისინი გაარკვევენ "ტრამპისა და პუტინის უცნაური უერთიერთობის დეტალებს" და იმასაც, რა გავლენა აქვს ამას ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპს პუტინთან საიდუმლო ურთიერთობასა და მისი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე თვის წინ ტრამპმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინის მიმართ საკმაოდ ხისტია, მაგრამ დაადასტურა ისიც, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.

"მე ის ვარ, ვინც უკრაინას იარაღი და ტანკები მისცა", — განაცხადა ტრამპმა პუტინთან ახლო ურთიერთობაზე ბრალდების საწინააღმდეგო არგუმენტად. ჟურნალისტის კითხვაზე — გჯერათ, თუ არა, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო გარეული, ტრამპმა ასე უპასუხა: "დიახ, ისინი ჩაერიენ, ჩემი აზრით, ჩაერია ჩინეთიც".

რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე თვეებია იძიებს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.

ამასთან, რობერტ მიულერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, სწორედ იმ მოკვლევას ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც ამ შესაძლო გავლენის გამოაშკარავება და მტკიცებულებების გამოვლენაა. ამასთან, უნდა დადგინდეს სამართლიანი იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯეიმს კომი, რომელიც მანამდე რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ უარყო ნებისმიერი ტიპის კავშირი რუსეთთან, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ "რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე" მაშინ, როდესაც კომის გათავისუფლება გადაწყვიტა. კომის გათავისუფლების მომდევნო დღეს მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორ რუს მაღალჩინოსანთან დაიტრაბახა, რომ კომი გაათავისუფლა და მას "შეშლილი" უწოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რობერტ მიუ ლერი დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელად დასახელდა, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე უნდა მონახოს პასუხები.

კოლუმბიის ფედერალურმა სასამართლომ რუსული კომპანია ინტერნეტ კვლევების სააგენტო, ე.წ. ტროლების ფაბრიკა, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და 13 პირს ბრალი წაუყენა.