კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოში არსებულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს შეამცირებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს. ასე გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ცილისწამების შესახებ კანონის მიღებაზე.

"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად", — აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.