18 წლის გოგოს, რომელიც საუდის არაბეთიდან გაიქცა, კანადამ თავშესაფარი მისცა. რაჰაფ მოჰამედ კუნინი ბანგკოკის აეროპორტიდან უკვე გაემგზავრა. მანამდე რაჰაფი გაერომ ლტოლვილად გამოაცხადა.

კუნინმა თავშესაფარი კანადის, აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სთხოვდა.

რაჰაფ მოჰამედ კუნინი საუდის არაბეთიდანაა. 5 იანვარს ბანგკოკში ქუვეითიდან ჩაფრინდა, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებდა. გოგო ამბობს, რომ ისლამის უარყოფის გამო ოჯახს მისი მოკვლა შეუძლია.

ტაილანდიდან კუნინს ავსტრალიაში გამგზავრება და ლტოლვილის სტატუსის მიღება სურდა. მისივე თქმით, ვიზა და ბილეთი ჰქონდა, თუმცა ბანგკოკის აეროპორტში საუდის არაბეთის დიპლომატებს შეხვდა, რომლებმაც პასპორტი წაართვეს.

ტაილანდის ხელისუფლებამ კუნინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რადგან მას უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს დაჯავშნილი ნომერი არ ჰქონდა. საუდის არაბეთის საელჩოს განცხადებით, გოგო ოჯახს გამოექცა და ახლობლები მის უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ. გადაწყდა, რომ კუნინი ქუვეიტში, ოჯახთან დაბრუნდებოდა.

7 იანვარს, დილით, რეისამდე რამდენიმე საათით ადრე ტაილანდის სასამართლომ შუამდგომლობა დეპორტაციის გაუქმების შესახებ არ მიიღო. მაშინ კუნინი სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და თვითმფრინავი მის გარეშე გაფრინდა. ამავე დღეს, ტაილანდის ხელისუფლებამ გოგოს ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცა. კუნინმა სასტუმრო გაეროს წარმომადგენლებთან ერთად დატოვა.

სოციალური ქსელის დახმარებით რაჰამ მოჰამედ კუნინი ყვებოდა, რომ თავის ქვეყანაში დამოუკიდებლად სწავლა და მუშაობა არ შეუძლია და სურს თავისუფლად იცხოვროს. საუდის არაბეთის კანონის მიხედვით, ყველა ქალს ჰყავს კაცი-მეურვე, რომლის თანხმობის გარეშე ის ვერ დაიწყებს მუშაობას, ვერ დაოჯახდება, ვერ გახსნის საბანკო ანგარიშს და ა.შ. გოგოს მეგობარი, მედიასთან ყვებოდა, რომ მას ექვს თვეზე მეტხანს სახლიდან არ უშვებდნენ და თმების შეჭრის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.