პრეპარატ ტამიფლუს უფასოდ გაცემა საქართველოს მასშტაბით დღეიდან, 12 იანვრიდან დაიწყება. პრეპარატის დამატებითი რაოდენობა უფრო კონკრეტულად კი 13 000 კოლოფი დღეს ჩამოვიდა და განაწილების პროცესი უკვე დაიწყო.

გადანაწილება სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც პრეპარატს აქამდე მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე გასცემდნენ — ისინი ხვალ, 12:00 საათამდე ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ, რათა აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია;
  • აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალი და ლოკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქებში პრეპარატების გაცემა დაიწყება 12 იანვარის 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ, 13 იანვრის 12 საათიდან — რაიონებში;
  • საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს ცენტრები საღამოს 6 საათისთვის ტამიფლუს უკვე პაციენტებზე გასცემენ.

"ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", — განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ამჟამად სტაციონარებში ე.წ ღორის გრიპის ვირუსით 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პირები, რომლებსაც ტამიფლუ ექიმმა გამოუწერა, პრეპარატს უფასოდ მიიღებენ.

აქამდე პრეპარატს უფასოდ იღებდნენ მხოლოდ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს განცხადებით, ტამიფლუ მხოლოდ გართულებული მდგომარეობის დროს უნდა მიიღოს პაციენტმა. ის პაციენტებს ურჩევს, ტამიფლუ მხოლოდ რესპირატორული ჩვენების დროს მიიღონ.

ამავე თემაზე: