ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმების გაწერისა და შემდეგ ახალი სიის წარმოდგენაზე, შემოვლითი გზაა. დეპუტატის აზრით, ამ გზით ცდილობს ხელისუფლება 10-კაციანი მოსამართლეთა სიიდან მინიმუმ მისი ნაწილის "გათრევას პარლამენტში".

"ეს არის შემოვლითი გზით ამ სიის ან მისი ნაწილის გათრევა პარლამენტში. ახლა მიმდინარეობს თვალის ახვევა, ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც შეიძლება, დავახასიათოთ ასე - სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად. ვერ შემოვიდნენ კარებიდან, ახლა უნდათ შემოაძვრინონ ფანჯრიდან. უნდათ, ვითარება დროებით განმუხტონ. შეიძლება, ეს სია გაიწვიონ, პარლამენტმა ფორმალურად ჩააგდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ ამბობს მმართველი უმრავლესობა, რომ ამ სიის ყველა წევრი, ათივე, არ იქნება არასდროს წარმოდგენლი პარლამენტში", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იქამდე არ აირჩევენ, სანამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის კრიტერიუმები არ გაიწერება. მან ასევე განმარტა, რომ შემუშავებული კრიტერიუმები იმ მოსამართლეობის კანდიდატებზეც გავრცელდება, რომელთა სიაც უკვე პარლამენტშია. ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში იმსჯელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ. გიორგი მიქაუტაძის თქმით, ყველა მოსამართლე მზად არის გაიაროს ის კრიტერიუმები, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს.

"უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება", — განაცხადა მიქაუტაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

ამავე თემაზე: