საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სია არ გავა. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ფეისბუქზე დაწერა.

მისი თქმით, პარლამენტი პროცედურებს შეიმუშავეს და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ 2018 წელს დასამტკიცებელ 18 კანდიდატურაზე.

"მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!
მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ", — განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნათან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იქამდე არ აირჩევენ, სანამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის კრიტერიუმები არ გაიწერება. მან ასევე განმარტა, რომ შემუშავებული კრიტერიუმები იმ მოსამართლეობის კანდიდატებზეც გავრცელდება, რომელთა სიაც უკვე პარლამენტშია. ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში იმსჯელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ. გიორგი მიქაუტაძის თქმით, ყველა მოსამართლე მზად არის გაიაროს ის კრიტერიუმები, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს.

"უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება", — განაცხადა მიქაუტაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.

ამავე თემაზე: