საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ ცილისწამების პრობლემა სახეზეა.

მისი თქმით, საჭიროა ამ პრობლემაზე მსჯელობა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ზომები უნდა მიიღონ.

"აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწისტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების შესახებ კანონის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს და განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ ქსელებზე ამახვილებს.

ცილისწამების პრობლემაზე პირველად ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში გაამახვილა. ზურაბიშვილის შემდეგ ამ საკითხზე საჯაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლებით "ბოროტად სარგებლობენ". მისი თქმით, "დიდი მცდელობაა, რომ სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს".

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა" და აუცილებელია "შესაბამისი ზომების მიღება".

ცილისწამება დასჯადი ქმედება 2004 წლის შემდეგ აღარაა, ანუ მას შემდეგ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.