განახლება: 19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი მოჭიდავესა და მსაჯის ჩხუბით დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ბრძოლას (1:2) აგებდა, მსაჯის მიმართ პრეტენზიებით გამოირჩეოდა.

"რამდენიმე წუთში კი არეულობა უკვე ტრიბუნებს გადაედო, სადაც ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ჩხუბში სპორტსმენებიც ჩაერთნენ, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა დაზიანება მიიღო", — წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის ეკისრება.