რუსეთის მთავრობამ ვენესუელას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სპეციალური გეგმა შეუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტ გამოცემა The Bell ავრცელებს. რუსული გამოცემის ინფორმაციით, დელეგაცია რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან, გეგმის შესამუშავებლად ვენესუელაში გასული წლის ნოემბერში ჩავიდა.

გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება;

  1. მთავრობამ უნდა შემოიღოს უნივერსალური შემოსავლის მოდელი და ყოველი მოქალაქე საბაზისო შემოსავლით უზრუნველყოს;
  2. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ფულის ბეჭდვა და ამ გზით ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა;
  3. რუსეთში არსებული საგადასახადო სისტემის ანალოგის შექმნა. რუსი ექსპერტების აზრით, ეს დაეხმარება ვენესუელას ეკონომიკურად გაჯანსაღდეს;
  4. რუსმა ეკონომისტებმა ასევე მოიწონეს, ვენესუელის მთავრობის ინიციატივა, რომელიც ნავთობით გამყარებული, ნაციონალური კრიპტოვალიუტის El Petro-ს შექმნას და ამ გზით ქვეყნის ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხებოდა.

ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა ვენესუელის ახლად არჩეული, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რუსეთის რჩევებს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასაც.

ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო ორ მილიონზე მეტი მოქალაქე დევნილად იქცა. 2016 წლის განმავლობაში ვენესუელის ერთმა მოქალაქემ წონაში საშუალოდ 9 კილოგრამი დაიკლო.

2006 წლიდან დღემდე რუსეთის მთავრობამ ვენესუელის ეკონომიკაზე $17 მილიარდი დოლარი გასცა. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ვენესუელა აღნიშნულ ვალებს დროულად იხდის.

ამავე თემაზე: