საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ როგორც მოქალაქე მიულოცავდა უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას, თუმცა, არ ულოცავს, რადგან ის პრეზიდენტია. მას მიაჩნია, რომ არსებული სიტუაცია გამწვავდება, თუმცა არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა.

"თუ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელზეც არ მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, მე არ შეიძლება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლები პასუხისმგებლობით ვიდრე არის დღეს საპატრიარქო", — თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიურია, რადგან იცის რა როლი ჰქონდა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას.

"ეს იყო საწინდარი, ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე ეკლესია იყოს წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს. ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება", — თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოსა და უკრაინის მდგომარეობა განსხვავებულია.

6 სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანს ტომოსი გადასცა, რითაც ახალი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია გახდა მე-15 ადგილობრივი ეკლესია

ტომოსის გადაცემა უკრაინის ეკლესიის აღიარების ბოლო ეტაპია. დოკუმენტი, ფაქტობრივად, ეკლესიის კონსტიტუციაა, რომელშიც ეკლესიის არსებობის საკვანძო საკითხებია გაწერილი: მისი მართვის მოდელი, კონსტანტინოპოლთან და სხვა ადგილობრი ეკლესიებთან ურთიერთობები და ა.შ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ტომოსს ხელი 5 იანვარს მოაწერა. ტომოსის გადაცემისთვის კიევიდან სტამბოლში მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავიდა. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები, უკრაინის მთავრობის წევრები, უმაღლესი რადას სპიკერი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ისინი ტომოსის საზეიმო ხელმოწერასაც ესწრებოდნენ.

ამ დრომდე არ მიულოცავს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის ავტოკეფალიის მიღება.