საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ აფასებს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს. მისი თქმით, ეს მის კომპეტენციას სცილდება.

"ახლა არ იქნება სწორი სიაში გვარებზე ვისაუბროთ", — განმარტა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის არავის აძლევს ამ საკითხზე რჩევებს, რადგან ის არის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

პრეზიდენტი შეეხო მმართველ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების საკითხსაც. მისი თქმით, ის არ ჩაერევა იმ დისკუსიაში, რაც არსებობს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ არ ჩაერევა იმ დისკუსიებში, რომელიც მმართველ გუნდში ახლა არსებობს.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატები და დაპირისპირება მმართველ გუნდში

ქართულ ოცნებაში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან ისეთი კანდიდატები, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად მოიხსენიებენ, მათ შორის არის თავად მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და სხვები. ეკა ბესელიას პოზიციით, ეს მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებიან და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბესელიას თქმით, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. ის აცხადებს, ამ სიის დამტკიცების შემთხვევაში მზად არის ქართული ოცნების გუნდი დატოვოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. მან ამ საკითხზე კომენტარი იმ ოთახის წინ გააკეთა, რომელსაც კობახიძის თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბესელიას გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევს.

ბესელიამ კი ტელეკომპანია პირველის ეთერში მოუწოდა ქართულ ოცნებასა და იუსტიციის საბჭოს გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ურჩია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს, რომ "თითის ქნევით არ ელაპარაკონ და ნურც გამოცდას უტარებენ".

ცალკე საკითხია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების სიის დაკომპლექტება. დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.