თუ რამის დამახსოვრება გსურთ, ამისთვის საუკეთესო გზა, შესაძლოა, ხატვა იყოს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხატვა სხვადასხვა საკითხების დასამახსოვრებლად შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე წერა, ან ვიზუალიზაციის სხვა მეთოდები.

გაირკვა ისიც, რომ ხატვა შესაძლოა ასაკოვანი ადმიანებისთვისაც გამოსადეგი იყოს, რადგან ის აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს ალცჰაიმერის, დემენციისა და ასაკთან დაკავშირებული სხვა დაავადებების განვითარების რისკს.

ვატერლოოს უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ ხატვისგან დადებითი გავლენის მისაღებად სულაც არ არის საჭირო, რომ კარგად ხატავდეთ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხატვა მოზრდილ ადამიანებში მეხსიერებას იმაზე მეტად აუმჯობესებს, ვიდრე სხვა მეთოდები. შედეგები დამაიმედებელია. ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხატვა დემენციის მქონე იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების გამო მეხსიერების სერიოზული პრობლემები ექმნებათ", - აცხადებს მელისა მიდი.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 48 ადამიანმა მიიღო, მათი ერთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის იყო, მეორე ნახევარი კი დაახლოებით 80-ის. კვლევის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები გააკეთეს. ერთ-ერთი დავალების დროს მათ სიტყვებს აჩვენებდნენ, რომლებიც ან უნდა ჩაეწერათ, ან დაეხატათ ის, რასაც სიტყვა გულისხმობდა.

შესვენების შემდეგ კი მათ ეს სიტყვები უნდა გაეხსენებინათ. ახალგაზრდებმა, მოხუცებთან შედარებით, უფრო მეტი სიტყვა გაიხსენეს, თუმცა, ორივე ჯგუფმა ის სიტყვები უფრო ადვილად გაიხსენა, რომლის მნიშვნელობებიც მათ დახატული ჰქონდათ.

"ხატვა ძალიან მარტივი დავალებაა, ის არც ბევრ დროს მოითხოვს და არც ბევრ ძალისხმევას. ვისაც ამის სურვილი აქვს, შეუძლია ყოველდღე ხატოს და ამას მათ მეხსიერებაზე კარგი გავლენა ექნება. მაგალითად, თუ დილით სამსახურში მიდიხართ, საღამოს კი სახლში საყვარელი კერძის გასაკეთებლად სხვადასხვა პროდუქტის მოტანას გეგმავთ, პროდუქტების სიას უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ, თუ მას დახატავთ.", - აცხადებს მიდი.

მეცნიერების აზრით, ხატვა განსაკუთრებით ეფექტური იმიტომ არის, რომ ის ტვინის სხვადასხვა უბნების ჩართულობას მოითხოვს. როდესაც რაიმეს ხატავთ, ამაში ჩართულია ტვინის ვიზუალური, ვერბალური, სემანტიკური (სიტყვების მნიშვნელობის განმსაზღვრელი) და მოტორული ზონები (ფიზიკური მოძრაობა, რომელიც ხატვისთვის არის საჭირო).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხატვის დროს ტვინის უფრო მეტი უბანია დატვირთული, რაც ამა თუ იმ საკითხის დამახსოვრების შანსებს ზრდის.

ამ საკითხზე თავდაპირველი კვლევა მხოლოდ ახალგაზრდებში ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ხატვა მეხსიერებას აუმჯობესებს. შემდეგ კი მეცნიერებს სურდათ გაერკვიათ, შეიმჩნეოდა თუ არა იგივე ეფექტი ასაკოვან ადამიანებშიც.

რადგანაც ასაკთან ერთად ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების უნარები ქვეითდება, ხატვა შეიძლება ამ უნარების გავარჯიშების ერთ-ერთი ხელმისაწვდომი მეთოდი იყოს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ხატვა დემენციის მქონე პაციენტებისათვის შესაძლოა განსაკუთრებით ეფექტური იყოს, რადგან ხატვით ტვინის ის უბნები ვარჯიშდება, რომლებსაც დაავადება ჯერ კიდევ არ შეხებია", - აცხადებს მიდი.

კვლევა ჟურნალ Experimental Aging Research-ში გამოქვეყნდა.