ევროკომისიამ ნიდერლანდებში სპორტული ბრენდის NIKE-ის გადასახადების გამოკვლევა დაიწყო. კომისია გავრცელებულ განცხადებაში ეჭვებს გამოთქვამს, რომ, შესაძლებელია, კომპანია თავის კონკურენტებს შორის უპირატესობით სარგებლობდეს.

საქმე ეხება ნიდერლანდებში მოქმედ ნაიკის შვილობილ კომპანიებს — NIKE ევროპას და Converse ნიდერლანდებს. ნიდერლანდების შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2006-2015 წლებში მათი მოგების მხოლოდ ნაწილი იბეგრებოდა.

ამ კომპანიებმა ლიცენზია, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის ქვეყნებში, NIKE-სა და Converse-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოსაყენებლად მიიღეს. დადგინდა, რომ მათ ეს ლიცენზიები საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ მისცა NIKE-ის ჯგუფმა.

კომისიის წინასწარი ანალიზით დადგინდა, რომ ამ ორ კომპანიაში დასაქმებულია 1 000 ადამიანი. ისინი ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ნაიკის პროდუქტების რეკლამით აქტიურად არიან დაკავებული. ამის საპირისპიროდ, პატენტით სარგებლობის უფლების გადასახადის ერთადერთი მიმღები NIKE-ის ჯგუფია, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს დასაქმებულები და არ ახორციელებს რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას. ეს ჯგუფი თავის მხრივ ევროკავშირის საგადასახადო ვალდებულებების მიღმაა.

შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ ნიდერლანდებმა, შესაძლოა, NIKE-ის ჯგუფს შერჩევითი უპირატესობა მიანიჭა, სხვა, მარტო მდგომ კომპანიებთან შედარებით ნაკლები გადასახადის დაწესებით. კომისია აცხადებს რომ თუკი მათი ეჭვები დადასტურდა, ეს სახელმწიფოს უკანონო დახმარებად შეფასდება.

კონკურენციის პოლიტიკის კომისრის, მარგარეტ ვესტეიგერის თქმით, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან, რომ კომპანიებმა შექმნან კომბლექსური სტრუქტურა და გადასახადების გადახდის დროს უპირატესობა ჰქონდეთ. კომისია გამოიძიებს, რამდენად შეესაბამება ნაიკის გადასახადები ევროკავშირის კანონმდებლობას.

ნაიკი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, აღჭურვილობასა და აქსესუარებს ყიდის.