ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევის საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოში უჩივლა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უარის თქმა უსაფუძვლო იყო.

"საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები", — აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასლანბეკ დადაევი 14 წელია, რადიო თავისუფლების ჩრდილოეთი კავკასიის ბიუროში მუშაობს და აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მას ხშირად უწევდა სამუშაო ვიზიტები საქართველოში და აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ამზადებდა მასალას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტს საქართველში შემოსვლაზე უარი 2018 წლის ნოემბერში უთხრა.

"ზუსტად არ ვიცი, ჩემს რომელ ჟურნალისტურ სამუშაოს უკავშირდება, თუმცა მე ვმუშაობ პანკისში და ჩავწერე ინტერვიუ მალხაზ მაჩალიკაშვილთან.პანკისში როცა ვიყავი, სავარაუდოდ, პიკაპი დამყვებოდა ჩემი მანქანის უკან და მანქანაში, სავარაუდოდ, სპეცსამსახურის ორი თანამშრომელი იჯდა", — ამბობდა მაშინ ჟურნალისტი.